საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მას არ უსაუბრია ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან, რომელმაც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საელჩო აქტიურად თანამშრომლობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს პროცესი ახალი მინისტრის პირობებშიც გაგრძელდება.
ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ შეაფასებს იმას, რომ პანდემიის მიმდინარეობის, ძალიან რთულ დროს, მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„მე არ მისაუბრია მინისტრ ტიკარაძესთან. ჩვენ მასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა პანდემიის ძალიან რთულ პერიოდში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთეს ერთად, მათ შორის განხორციელდა აღჭურვილობის დონაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იქნებოდა ეს ჟანგბადის გამომყოფი აღჭურვილობა თუ მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარება. ასევე ჩვენ გამოვყავით 500 ათასი დოზა „ფაიზერი“ საქართველოსთვის. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით მინისტრთან და მის გუნდთან უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში და ვიცი, რომ ის ძალიან თავდადებულო იყო თავის მცდელობაში დახმარებოდა საქართველოს ამ პერიოდის გავლაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ახალ მინისტრთან“,- განაცხადა კელი დეგნანმა.