მიხეილ სააკაშვილის მიერ გორის ჰოსპიტალიდან ირინა სარიშვილისათვის გამოგზავნილ წერილსა და სარიშვილის პასუხს ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.
მერაბ მეტრეველი სააკაშვილისა და სარიშვილის წარსული დაპირისპირების დეტალებს შეახსენებს საზოგადოებას და ინტერესდება საიდან იღებს სათავეს ამ ორი პოლიტიკოსის კეთილგანწყობა და სიყვარული.
„ეს სქრინი შემომხვდა დღეს აქ და გულგრილად ვერ ჩავუარე. ან ასეთ დიდ სიყვარულს გულგრილად როგორ უნდა ჩაუარო? თავად განსაჯეთ:
სადღაც 90-იანი წლების ბოლო იყო. სააკაშვილი ჯერ კიდევ მგონი მოქკავშირის ახალგაზრდა ლიდერი გახლდათ, ირინა სარიშვილს შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკის გამო საჯაროდ "პოლიტიკური კახპა" უწოდა. სანაცვლოდ ედპ-ს მამაკაცი ლიდერები (მაშინ სარიაშვილი ჯერ კიდევ არ იყო გაგდებული ამ პარტიიდან) სააკშვილის სახლთან დახვდნენ და, როგორც მაშინდელი ტელევიზიები იუწყებოდნენ, პანჩური ამოარტყეს.
მერე სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ხოლო ქალბატონი ირინა საქართველოდან რუსეთში გაქცეულ ნომერ პირველ ტერორისტს, და კრემლის მსახურს იგორ გიორგაძეს შეეკრა და მისი პარტიის ლიდერად მოგვევლინა. სააკაშვილმა მთელი პარტია დაიჭირა და ციხეში ჩაყარა ოღონდ ირინას არ შეეხო.
როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი?
როგორც არ უნდა იყოს, დღეს ერთად არიან. დღეიდან ამათი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარელი მელოდრამაა ქართულ პოლიტიკაში,“- წერს მერაბ მეტრეველი და ირინა სარიშვილის ფეისბუქ პოსტის „სქრინს“ აქვეყნებს.
ცნობისათვის, გუშინ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მის ერთ-ერთ მხარდამჭერს, ყოფილ პარლამენტარს, ირინა სარიშვილს გორის ჰოსპიტალიდან წერილი გამოუგზავნა. სარიშვილმა ექსპრეზიდენტის წერილის ფოტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და კეთილგანწყობილი სიტყვებით უპასუხა.