„ნაციონალური მოძრაობის“ მთელი დღის წესრიგი არის მიხეილ სააკაშვილის ციხეში არყოფნა და ძალაუფლება, ყველა სხვა დანარჩენი, რაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდირებას შეეხება, მათ ინტერესში არ შედის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროპელი პარტნიორებისადმი წერილთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი ასეთი ინსტუმენტის გამოყენების ძირითადი მიზანი მიხეილ სააკაშვილი და მისი დახმარებაა.
„ოპოზიციას ქვეყნის კურსთან დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ აქვს. დღეს ოპოზიციის ერთადერთი დღის წესრიგი არის მიხეილ სააკაშვილი, მისი ციხიდან გამოხსნა და ის, რომ პასუხის არ აგოს დანაშაულებზე. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ინსტუმენტის გამოყენების ძირითადი მიზანი არის მიხიელ სააკაშვილი და მისი დახმარება ოპოზიციის მხრიდან. ეს არის სამწუხარო რეალობაა. ისინი არ ერიდებიან საერთაშორისო აქტორებისთვის მიმართვასაც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.
წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.
წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ.
წერილის თანახმად, "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი უჭერს მხარს.