უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთის გარემოებებთან დაკავშირებით სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციამ სექტემბრის ბოლოს სამსახურებრივი გამოძიება ჩაატარა. ვერ გავასაჯაროებ გამოძიების ყველა დეტალს, ვინაიდან მასალები შეზღუდული წვდომის ინფორმაციას შეიცავს, თუმცა აღვნიშნავ, რომ მასალები გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების შესაბამის ორგანოს, რომლის მიერ მოცემულ ფაქტზე სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. დავამატებ, რომ გამოძიების შედეგად, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განყოფილებებიდან და ორგანოებიდან თანამდებობის რამდენიმე პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა“, - აღნიშნა ანდრეი დემჩენკომ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.