ოპოზიციის ერთი ნაწილი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

ოპოზიციის ერთი ნაწილი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

ოპოზიციის ერთი ნაწილი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე 5 დღის ადრე ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელს და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰელის წერილს უგზავნის.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ კურსს. ოპოზიცია სამიტზე დახმარების გამოყოფის დროს პირობითობის მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს.

„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეფექტური ზომები, მათ შორის მთავარია პირადი სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც არღვევენ ფუნდამენტურ უფლებებს და დემოკრატიულ პრინციპებს“, - ამბობს „ნაცმოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი.

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუწიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასის გადახდა იმ დესტრუქციული ნაბიჯებისთვის, რომელსაც დგამს ბოლო თვეების განმავლობაში.

„თუ არ იქნება განხორციელებული კონკრეტული რეფორმები, რომელიც არის მიშელის დოკუმენტში, ჩვენ მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ესაა რეალობა, რადგან თუ ქვეყანაში არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.