სამინისტროს ხელმძღვანელობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, რათა დაგეგმილი აქტივობები წლის ბოლომდე შესრულდეს და გარდამავალი პერიოდი იყოს უმტკივნეულო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის მიზეზებზე არ ისაუბრა, შესაბამისად, გაბუნიამ ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
„მიზეზებთან დაკავშირებით, ქალბატონმა მინისტრმა გუშინ თავად არ ისაუბრა. მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერაფერს გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და აი, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებსა და სამომავლოდ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.
ალბათ, სტანდარტული პროცედურა თქვენთვის ცნობილია - როდესაც მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას. შემდეგ ახალი მინისტრი გადაწყვეტს, როგორი გუნდითა და შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა გაბუნიამ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ოპოზიცია შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი ტიკარაძე - ღარიბაშვილის დაპირისპირებას გამორიცხავს.