საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
„როგორც ჩანს, მას ურჩიეს, ან თავად მიხვდა, რომ მისი „ისტორიული გამოსვლები“ სასამართლო პროცესზე, ერთი მხრივ, პროკურატურას ეხმარებოდა იმაში, რომ ბრალდებულის მიმართ მტკიცებულებები გაემყარებინა და, მეორე მხრივ, საზოგადოებაში აქარწყლებდა ყველა კითხვას, რომელიც ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა, თუ რატომ იყო ეს ადამიანი ან ბრალდებული და ან - მსჯავრდებული“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მსჯელობს. ამ საკითხზე, შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. ძებნილი, ამავე დღეს, თბილისში დააკავეს.
უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.