კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს

კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს

კომპანიებმა BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზა „ომიკრონი“ ვარიანტის მიმართ გამანეიტრალებელი ანტისხეულების ისეთივე დონეს უზრუნველყოფს, როგორც 2-დოზიანი კურსი კორონავირუსის სხვა ვარიანტების წინააღმდეგ უზრუნველყოფს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორმა დოზამ კვლავ შეიძლება უზრუნველყოს დაცვა „ომიკრონი“ შტამით გამოწვეული მძიმე დაავადებისგან, წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჩვენი ვაქცინის მესამე დოზა დაცვას აუმჯობესებს“, - განაცხადა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

თავის მხრივ, გერმანული კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, უღურ შაჰინმა აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ მესამე დოზას „ომიკრონი“ ვარიანტით გამოწვეული ნებისმიერი სიმძიმის დაავადებისგან დაცვის საკმარისი დონის უზრუნველყოფა შეუძლია.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს წინასწარი შედეგებია, კომპანიები გააგრძელებენ მეტი ლაბორატორიული მონაცემების შეგროვებასა და ეფექტურობის შეფასებას.

კომპანიებში ასევე აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, „ომიკრონ“ შტამზე მორგებული ვაქცინის მიწოდებას 2022 წლის მარტში შეძლებენ.