მედია: ისრაელი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას

მედია: ისრაელი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი და „მოსადის“ დირექტორი, დავიდ ბარნეა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ბენი განცი და დავიდ ბარნეა თავიანთ ამერიკელ კოლეგებს მოუწოდებენ, ირანის მიმართ გეგმა „ბ“ შეიმუშაონ და უფრო აგრესიული პოზიცია დაიკავონ.

გავრცელებული ინფორმაციით, მკაცრი სანქციების დაწესებასთან ერთად, ისრაელი აშშ-ს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების განხორციელებას მოსთხოვს.

ისრაელის „მე-12 არხის“ თანახმად, აშშ-ის პოტენციური თავდასხმის სამიზნე არა ბირთვული ობიექტი, არამედ ისეთი ადგილი იქნება, როგორიცაა იემენში ირანის ბაზა. ასეთი დარტყმის მიზანი ირანელების დარწმუნებაა, შეარბილონ თავიანთი პოზიციები მოლაპარაკების მაგიდასთან.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

23 ნოემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას შეინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.