არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა

გუშინ გამოჩნდა, რა პოლიტიკური მიზნები აქვს სააკაშვილსა და მის გუნდს, მისი ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მისვლა, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან ნაფოტები ცვივაო, ანუ მე ვაშენებდი სახელმწიფოს და თუ ვინმე დაიღუპა და ვინმე აწამეს არ გამორიცხავს, რომ ეს მართლაც მოხდაო და ამას დანაშაულად არ ვაღიარებო. გუშინდელ მის გამოსვლაში არავითარი სინანული არ იყო და ამას არც ველოდით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.