საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საზოგადოებამ გუშინ ყავლგასული ავტოკრატის გამოსვლა იხილა, რომელიც მის მიერ ჩადენილ არცერთ დანაშაულს არ ნანობს.
მისი თქმით, სააკაშვილს თავი შეუცდომლად მიაჩნია და საზოგადოებამ ნახა, რა ტიპის დამნაშავესთან აქვს საქმე.
„ჩვენ ვიხილეთ ყავლგასული ავტოკრატის გამოსვლა, რომელიც მის მიერ ჩადენილ არცერთ დანაშაულს არ ნანობს. თავი მიაჩნია შეუცდომლად. გირგვლიანის საქმეს პიარს ეძახის და ამბობს, რომ ხელახლა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, პარაქტიკულად ყველაფერს იგივეს გააკეთებს. საზოგადოებამ ნახა, რა ტიპის დამნაშავესთან აქვს საქმე“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.