ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით მიიღება. კონსენსუსი კი მაგიდასთან, სადაც 30 წევრი ქვეყანაა, ზოგჯერ რთულია, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინას, ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას, გაფართოება ორგანიზაციის სიძლიერედ მიაჩნია, ერთგულია ვალდებულებებისა და დადებული პირობის.

„ყველა სტანდარტითა და მოთხოვნით, საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დონით, პროგრესი სცილდება იმას, რაც მაგალითად, ჩვენ გვქონდა მაპის პირობებში ნატოში გაწევრიანებამდე. საქართველოსთან ალიანსის თანამშრომლობა მართლაც გაცილებით მეტი, მასშტაბური და ყოვლისმომცველია, იმასთან შედარებით, რისთვისაც თავის დროზე მაპი შეიქმნა. ცივი ომის შემდეგ ნატოს გაფართოების პირველი ტალღა მაპის გარეშე მოხდა, მაპი გაფართოების მეორე ტალღისთვის შეიქმნა. მაპზე გარკვეული აღქმაა უკვე შექმნილი, რომ მაპი არის პროცესის ნაწილი, რომელსაც წვლილი შეაქვს ქვეყნის მომავალ გაწევრებაში. ნატოს გადმოსახედიდან, მაპი არ ნიშნავს კიდევ ერთ ნაბიჯს, შეიძლება ასე იყოს, მაგრამ მაპის მიღება ავტომატურად წევრობის გარანტიას არ ნიშნავს. ლატვიის პოზიცია არის მტკიცე და ეს იცის ყველამ ნატოშიც და პარტნიორ სახელმწიფოებშიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით მიიღება. კონსენსუსი მაგიდასთან, სადაც 30 წევრი ქვეყანაა ზოგჯერ რთულია. მთავარია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინას, ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას, გაფართოება ორგანიზაციის სიძლიერედ მიაჩნია, ერთგულია ვალდებულებებისა და დადებული პირობის. ეს პირობა საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.