დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილისგან ბევრი ისეთი მოსაზრება მოისმინეს, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„სასამართლოსთან დაკავშირებით მისი შეფასება იყო, როგორც ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა და ეს თითქოს ისე მოინათლა, უფრო უკეთესი რატომ არ გაკეთდაო. სინამდვილეში, აბსოლუტურად ხელოვნურად იყო შექმნილი მართლმსაჯულების მახინჯი სისტემა, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებას მართლმსაჯულება ფუნქციურად გაუქმებული ჰქონდა. ასეთი იყო დამოკიდებულება და ასეთი სისტემა ხელოვნურად და გამიზნულად შეიქმნა. შერბილებულ ტონებში ამის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე დაეთანხმება და გაიზიარებს.
მოქალაქეების და სასამართლოსთვის მიმინდვია იმის შეფასება, 7 ნოემბრის აქციის და „იმედის“ დარბევა მართლაც მხოლოდ შს მინისტრის გადაწყვეტილება იყო და ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია მხოლოდ როგორც მაყურებელმა მიიღო თუ არა. რამდენად დამაჯერებელია ამის მტკიცება, საზოგადოებისთვის და სასამართლოსთვის მიმინდვია, მაგრამ არ მგონია, რომ ამის მტკიცებას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.