ანრი ოხანაშვილის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას გამოეხმაურა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს თითოეულ კანონდარღვევაზე პროპორციული რეაგირება ექნებათ.
„ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ არანაირ ესკალაციებს არ შექმნიდნენ არცერთ ინსტიტუციასთან და აკეთებენ საპირისპიროს - ცდილობენ რადიკალიზაციასა და კანონის დარღვევას. თითოეულ კანონდარღვევას ექნება პროპორციული რეაგირება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრება. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.