ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ ეტაპზე, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება ტრანსპორტშიც დაინერგოს

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ ეტაპზე, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება ტრანსპორტშიც დაინერგოს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დადებითად აფასებს რეგულაციას, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სივრცეში „მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავალდებულო ხდება, თუმცა, მისივე შეფასებით, საჭიროა, ანალოგიური ვალდებულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშიც ამოქმედდეს.

„მწვანე პასპორტი“ თავის ფუნქციას შეასრულებს, თუ იქ იქნება გამოყენებული, სადაც ყველაზე მეტად ვრცელდება ინფექცია. ესაა დახურული სივრცეები, სადაც ადამიანები პირბადების გარეშე არიან. ეს რეგულაცია უკვე შემუშავდა სარესტორნო თუ სავარჯიშო სივრცეებისთვის, რაც ძალიან კარგია. ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ ეტაპზე, მისი გამოყენება ტრანსპორტშიც დაინერგოს. პირველ რიგში, „მწვანე პასპორტის“ ფუნქცია გადასახედია გადატანილ ადამიანებზე ულიმიტოდ გაცემის თვალსაზრისით. მითუმეტეს, ახალი ვარიანტის - „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, ამან საერთოდ დაკარგა აზრი“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.