თენგიზ ცერცვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დავუშვათ

თენგიზ ცერცვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დავუშვათ

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერ უცნობია ვრცელდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტზე სწრაფად და იწვევს თუ არა უფრო მძიმე დაავადებებს. ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, რომ ჯანმოს სხვა შტამებისთვის „შემაშფოთებელის“ სტატუსი ასე სწრაფად არ მიუნიჭებიათ.

„წინა ოთხ შტამს - „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“, ჰქონდა მინიჭებული შეშფოთების სტატუსი მაგრამ ასე სწრაფად ეს სტატუსი არცერთს მიუღია. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი მუტაციაა, დაახლოებით 32 მუტაციას ამბობენ მარტო იმ ცილაში, რომლითაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს“, - ამბობს ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მეცნიერებს საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ იმისთვის, რომ არსებული ვაქცინების ეფექტიანობაზე დასკვნები გააკეთონ.

„ეს მაჩვენებლები ჯერ უცნობია, ვინაიდან ცოტაა ვირუსის ინფიცირების შემთხვევები და მეცნიერებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, შეესწავლათ. უბრალოდ მხოლოდ ვარაუდია, ვინაიდან მას მუტაციების დიდი რაოდენობა აქვს სწორედ იმ პროტეინში, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ვაქცინის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები და მონოკლონური ანტისხეულებიც, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამკურნალოდ, მათ შორის საქართველოშიც. არის გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება, ხომ არ იქნება ნაკლებად ეფექტური ვაქცინა მათ მიმართ. ჯერ ეს შტამი არ გამხდარა დომინანტი არცერთ ქვეყანაში, ჯერ შემთხვევების 99% „დელტაზე“ მოდის. ჯერ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, უბრალოდ ძალიან მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დავუშვათ. თუ ამას ვერ ავცდებით, რაც შეიძლება გვიან {შემოვიდეს}, როდესაც პანდემიის ძირითად ტალღას დავძლევთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გამოვლენილი. შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.