ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი კვლავ მძიმეა, აცრის მაჩვენებელი კვლავ დაბალი, ექიმები გადაღლილი, რეკომენდაციების დაცვა ისევ პრობლემაა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი კვლავ მაღალი.
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა კორონავირუსით გამოწვეულ დაღლაზე და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.
"პრაქტიკულად, 2 წლის განმავლობაში, მედპერსონალს, რომელიც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში, არ აქვს პირადი ცხოვრება. იმიტომ რომ დიდ ნაწილს ატარებენ საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი დრო, როდესაც არ არიან კლინიკაში, სჭირდება რეაბილიტაციას, ელემენტარულად რომ გამოიძინო, რათა ენერგია გქონდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საომარ მდგომარეობაში იმყოფება მედპერსონალი და ეს გრძელდება უწყვეტად უკვე თითქმის 2 წლის განმავლობაში, გადავიღალეთ...
თან საქართელოსნაირ ქვეყანაში, სადაც მწირია რესურსი, ტექნიკურ-მატერიალური ბაზა საკმაოდ ღარიბია, ძალიან დიდი დაწოლა მოდის ადამიანურ რესურსზე - ექთნებზე, დამხმარეებზე, ექიმებზე, ეპიდემიოლოგებზე და ა.შ. ათჯერ გაზრდილია მათი როლი პანდემიასთან ბრძოლაში. უთანასწორო პირობებში გვიწევს ამ ვერაგ ვირუსთან შერკინება, რომელიც, როგორც მსოფლიომ აღიარა, ძალიან რთულად სამართავია და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, 5 მილიონზე მეტი ადამიანია უკვე გარდაცვლილი, თუმცა არის რაღაც დადებითი დინამიკაც, იმ მხრივ, რომ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა, რომელიც, საბედნიეროდ, ხელმისწავდომია ჩვენს ქვეყანაშიც. იმისთვის რომ მეტი სიცოცხლე გადარჩეს, ასევე შევუმსუბუქოთ სამუშაო მედპერსონალს, მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის ამ პროცესში ჩართვა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, დაბალია მოსახლოების სიკვდილიანობა, დაბალია მძიმე პაციენტების რიცხვი, ხოლო იქ, სადაც ვაქცინაცია არ მიმდინარეობს კარგი ტემპით, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ქვეყნებში გავდივართ, მაღალია სიკვდილიანობა და მძიმე პაციენტების რაოდენობა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოსახლეობა ჩაერთოს ამ პროცესში აქტიურად და ამით დაიცვას როგორც საკუთარი სიცოცხლე, ასევე ახლობლების და შეუმსუბუქოს მედპერსონალს სამუშაო.
საქართველოს არ აქვს ისეთი რესურსები, როგორც გერმანიას, აშშ-ს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს. ამიტომ მიუხედავად მედპერსონალის თანგანწირვისა, დაუღალავი ბრძოლისა, არ არსებობს ამოუწურავი რესურსი. არის რისკები, რომ კლინიკური სექტორის კოლაფსი მოხდეს, ანუ აღარ იყოს, პრაქტიკულად, ადგილები საავადმყოფოში, მხოლოდ ადგილებზეც არ არის ლაპარაკი, შეიძლება მობილიზება გაუკეთდეს მეტ საწოლს, მაგრამ ადამიანური რესურსი არ დაგრჩეს, ვინც ამ სწოლებზე მოთავსებულ პაციენტებს მიხედავს.
იმისთვის, რომ დავინდოთ ჩვენი, ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ასევე მედპერსონალი, მნიშვნელოვანია, რომ ეპიდსიტუაცია დავასტაბილუროთ. ამისთვის ყველაზე უფრო ეფექტიანი საშუალება არის ვაქცინა და ასევე რეკომენდაციების დაცვა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 29%-ს უტოლება
იცით რა, ასეთი შემთხვევები არ მახსენდება, თუმცა, ვიცი ბევრი შემთხვევა, როცა ვერ გაუძლეს, ფიზიკურად გადაიღალნენ და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ, რის გამოც რაღაც პერიოდის განმავლობაში ვეღარ გააგრძელეს აქტიური მუშაობა. მეც გარკვეული პრობლემები შემიქნა კორონავირუსმა, გადავიტანე ძალიან მძიმედ და მას შემდეგ ბევრად უფრო ნაკლებია ჩემი ქმედითუნარიანობა, ასევე სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შემიქმნა იმ ტრაგედიამ რაც გადავიტანე, კოვიდით ოჯახის წევრი გარდამეცვალა. კოვიდთან მომუშავე არაერთ ადამიანს თვითონ დაემართა ეს დაავადება, ზოგმა მძიმედ გადაიტანა, სამწუხაროდ, იყო ტრაგიკული შემთხვევებიც", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა "ambebi.ge", - სთან.