ნუგზარ წიკლაური:  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვგეგმავთ აქციათა მთელ წყებას

ნუგზარ წიკლაური:  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვგეგმავთ აქციათა მთელ წყებას

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩვენ ვგეგმავთ აქციათა მთელ წყებას. პირველ აქციას იხილავთ სასამართლოსთან 29 ნოემბერს, მაგრამ იხილავთ შემდეგ ლამის ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა აქციებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებს არ შემოუერთდება, ეს ტრაგედია არ იქნება და მათთან თანამშრომლობას იმ საკითხებზე გააგრძელებენ, რაც ყველასათვის ერთნაირად პრიორიტეტულია.

„თუ ვინმე შემოუერთდება ამ ჩვენს აქციებს, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, აქედანაც ახლა რამე ტრაგედიას ვერ დავხატავ. მთავარი საკითხი, რაც არის მათთვისაც და ჩვენთვისაც, რაც გვაერთიანებს, ესაა ვადამდელი არჩევნები და ვადამდელ არჩევნებზე ვითანამშრომლებთ. ამიტომ ხელოვნურად რაღაც განხეთქილებების საბაბს ნამდვილად არ მისცემს არავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მადლიერნი ვიქნებით, თუ მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც იქნებიან აქტიურები, მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ იმ საკითხებზე ვითანამშრომლებთ, რაც იქნება ყველასათვის ერთნაირად პრიორიტეტული”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.