ივანე ჩხაიძე ე.წ. შავ პარასკევზე: თუ მართლაც იქნება აჟიოტაჟი და ბევრი ადამიანის თავშეყრა, ორი პირბადე გაიკეთეთ

ივანე ჩხაიძე ე.წ. შავ პარასკევზე: თუ მართლაც იქნება აჟიოტაჟი და ბევრი ადამიანის თავშეყრა, ორი პირბადე გაიკეთეთ

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღევანდელ დღესთან, ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებული გაზრდილი მობილობის პირობებში, მოსახლეობამ კიდევ უფრო გაამკაცროს რეგულაციების დაცვა.

„თუ ჩვენ სავაჭრო სივრცეში შევდივართ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გვეკეთოს პირბადე. ვერ ვიტყვი, რომ დისტანციის დაცვა მოხერხდება, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვეცადოთ დისტანცირება, ყოველ შემთხვევაში - პირისპირ კონტაქტის თავიდან არიდება. თუ მართლაც იქნება ასეთი აჟიოტაჟი და ბევრი ადამიანის თავმოყრა, ორი პირბადე გაიკეთეთ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 826 714 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 768 559, გარდაიცვალა 11736 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.