გერმანიის საგარეო სამინისტრო ელჩ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გერმანიის საგარეო სამინისტრო ელჩ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ გაზეთ „ბილდში“ გამოქვეყნებულ ბრალდებებზე უპასუხა, რომელთა თანახმადაც, ელჩ ჰუბერტ ქნირშს, რომლის მეუღლეც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ უნივერსიტეტში მუშაობს, შესაძლოა მჭიდრო კავშირები ჰქონდეს ივანიშვილთან. ამის შესახებ სააგენტო „სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge) წერს.

სააგენტოს ცნობით, სამინისტრო ელჩ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, მიგელ ბერგერის თქმით, „ბრალდება, რომ [ელჩის] სამუშაოზე მისი ცოლის კომპიუტერული მეცნიერების ლექტორად მუშაობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს, დაუსაბუთებელია“ და რომ ელჩების მეუღლეთა „პროფესიული საქმიანობა კანონით ნებადართულ, არაპოლიტიკურ სამსახურში, ნორმალური საბაზრო ანაზღაურების სანაცვლოდ, არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება კორუფციის ბრალდებების დასასაბუთებლად. საზღვარგარეთ განწესებულ თანამშრომელთა პარტნიორების დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანი საზრუნავია საგარეო ფედერალური სამინისტროსათვის, რათა მათ შეძლონ სამსახურში საქმიანობასა და ოჯახს შორის ბალანსის უკეთ დაცვა და თავიანთი კარიერის გაგრძელება“, - აცხადებს მიგელ ბერგერი.

სახელმწიფო მდივნის თქმით, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და გერმანიის საელჩო საქართველოში, „ისე როგორც მათ მოვალეობას შეეფერება, ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გერმანიას საქართველოსთან ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ახალი მთავრობის პირობებშიც გერმანია კვლავაც იქნება საქართველოს საიმედო პარტნიორი“, - აცხადებს სააგენტოსთან მიგელ ბერგერი.

kolxi ნეტავი ყველა ასეთი ელჩი იყოს!!!
2 წლის უკან
Ninja მართლაც!
2 წლის უკან