უკრაინელი ექსპერტი: სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბის აფერისტია

უკრაინელი ექსპერტი: სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბის აფერისტია

სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბის აფერისტია, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა, დმიტრი მარუნიჩმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ სკანდალი, პიარი და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ასოცირდება.

„არც კი მახსოვს უკრაინაში რა გააკეთა სააკაშვილმა, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ექსტრავაგანტული იდეები ჰქონდა. მაგალითად სურდა, რომ გადასახადებისგან შემოსული თანხების ნაწილი გარკვეული საქმიანობისთვის მიეღო, რაც ჩვენთან კანონით არ არის გათვალისწინებული, რადგან უკრაინა ფედერალური სახელმწიფოა. სააკაშვილთან დაკავშირებით ასევე ის მახსოვს, რომ რამდენჯერმა ძალიან უზრდელურად უპირისპირდებოდა უმაღლესი თანამდებობის პირებს. მასთან მხოლოდ სკანდალი, პიარი და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ასოცირდება“, - განაცხადა დმიტრი მარუნიჩმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.