რადას დეპუტატი: ვერცერთ რეფორმას ვერ ვიხსენებ, რაც სააკაშვილის სახელს უკავშირდება - სურვილი მაქვს, რაიმე კარგი გითხრათ მისი მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ვერ გეუბნებით

რადას დეპუტატი: ვერცერთ რეფორმას ვერ ვიხსენებ, რაც სააკაშვილის სახელს უკავშირდება - სურვილი მაქვს, რაიმე კარგი გითხრათ მისი მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ვერ გეუბნებით

დიდი სურვილი მაქვს, რაიმე კარგი გითხრათ მისი მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ვერ გეუბნებით, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, სერგეი ტარანიმ „ქრონიკას“ კიევში, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

„როდესაც მას საჯაროდ ეკითხებიან, ერთი რეფორმა მაინც დაასახელოს ამაზე ის ძალიან ბრაზდება, თუმცა სიმართლე სამწუხაროდ ისაა, რომ ვერცერთ რეფორმას ვერ ვიხსენებ, რაც სააკაშვილის სახელს უკავშირდება. უკრაინაში ბევრი რამ იყო გასაკეთებელი და მას ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდა. ნამდვილად არ მესმის, რატომ ადგა და წავიდა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი სხვა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა რადას დეპუტატმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.