ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის მთავარი, მოკლევადიანი მიზანია, რომ რამენაირად ციხეს თავი დააღწიოს - ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის მთავარი, მოკლევადიანი მიზანია, რომ რამენაირად ციხეს თავი დააღწიოს - ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს

პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი და ბუნებრივია, რომ როდესაც ვამბობთ, რომ მასზე უნდა გავრცელდეს ის უფლებები და ვალდებულებები, რაც ყველა პატიმარზე ვრცელდება, ეს უნდა იქნას ბოლომდე დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილი ყველა გზას და საშუალებას მიმართავს, რომ დესტაბილიზაცია და არეულობა გამოიწვიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ კანონის მოთხოვნის ჩარჩოებში უნდა იქნას მისი პატიმრობის ვადა გატარებული.

„მისი საქართველოში შემოპარვის მიზანი რა იყო? ქვეყანაში არეულობის შემოტანა და რევოლუციური სიტუაციის შექმნა. ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლა და ა.შ. ეს მიზნები გაცხადებულია მისივე განცხადებებიდან. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აქვს უფლება იმისა, რომ შეინაჩუნოს თავისი კონსტიტუციური უფლებები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მთავარი მოკლევადიანი მიზანია, რომ რამენაირად ციხეს თავი დააღწიოს.

„ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. ასეთივე სურვილი აქვს ნებისმიერ პატიმარს, იშვიათი გამონაკლისი შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე, ვინმეს სურვილი ჰქონდეს, რომ პატიმრობაში იყოს. ამიტომ, მაშინ ყველას ულტიმატუმი და მოწოდება გახდება გარკვეულწილად საზოგადოებისთვის პროტესტისა და ქცევის ნორმა? ეს წარმოუდგენელია. ამასთან, სააკაშვილს არ აქვს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის კონსტიტუციური და კანონიერი უფლება და არც მორალური, რადგან ამ ადამიანმა თავისი ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. არავის დაუძალებია და არავის ჩამოურთმევია. ახლა მისი ახირება არის, რომ საქართველოში ისევ ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება, ამიტომ გადადგა ის ნაბიჯები, რაც გადადგა და მოხვდა იქ, სადაც მოხვდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.