გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ არ არსებობს იმის სამართლებრივი გზა, რომ სააკაშვილმა თავი დაიხსნას შესაბამისი ვერდიქტის აღსრულებისგან

გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ არ არსებობს იმის სამართლებრივი გზა, რომ სააკაშვილმა თავი დაიხსნას შესაბამისი ვერდიქტის აღსრულებისგან

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისგან გათავისუფლების შესახებ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ამგვარი მოთხოვნა ადასტურებს, რომ მათი ოპონენტები რადიკალურ საკითხებს ხელოვნურად ქმნიან. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა მოიხადოს.

„ფაქტია, რომ დააშავა. ფაქტია, რომ არ არსებობს იმის სამართლებრივი გზა, რომ სააკაშვილმა თავი დაიხსნას შესაბამისი ვერდიქტის აღსრულებისგან. ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდათ, რომ დაუპირისპირონ რევოლუციური გზა, დესტაბილიზაცია“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.