20 აპრილს იუსტიციის სამინისტროს Youtube-ის ოფიციალურ არხზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც თითქმის 6 წუთს გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მაყურებელს უხსნიან, რას წარმოადგენს ID ბარათი და რა უპირატესობა აქვს მას.
"პირადობის ახალი მოწმობა, ე.წ. აიდი ბარათი, საქართველოს მოქალაქის დოკუმენტია და პირის ვინაობას ადასტურებს. მასზე დატანილია სახელი, გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, პირადი ნომერი, ფოტო, ბარათის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და ხელმოწერა. ეს ინფორმაციები, რასაც თვალით ვხედავთ - და მეტი არაფერი სხვა - ინახება ე.წ. ჩიპზეც, რომელიც პირადობის მოწმობის მახსოვრობის ბარათია და იცავს მას გაყალბებისგან.
ცრუა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აიდი ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, ან რომ მასზე არის მხეცის ნიშანი. ეს რომ ასე არაა, ამას წმინდა სინოდის გასული წლის დადგენილებაც ადასტურებს. მართლაც, სამოქალაქო რეესტრმა იკისრა და შეასრულა ვალდებულება, რომ არც ერთ გაცემულ აიდი ბარათზე მიწყობილად სამი ექვსიანი არსად ფიგურირებს და არც მომავალში იქნება"– ნათქვამია ვიდეოში.
იუსტიციის სამინისტრომ ID ბარათების გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც, სამინისტროს მონაცემით, ბარათი ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ აიღო. ID ბარათების შემოღებას დღემდე ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლების ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ამ თემაზე 2012 წლის ივნისში განცხადება გაავრცელა და მრევლს უთხრა, რომ ამ ბარათით სარგებლობა შეუძლიათ.
"სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,"- განაცხადა საპატრიარქომ.
21 აპრილს იუსტიციის სამინისტროსთან ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით აქცია გაიმართება.
" სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით გაიმართება აქცია ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით – მოვითხოვოთ ალტერნატივა და დავიცვათ ჩვენი შელახული უფლებები! მსურველთათვის: 13:00 სთ–ზე ხელოვნების მუზეუმის წინ – სამლოცველოსთან სხვადასხვა ტაძრიდან შეიკრიბებიან მოქალაქეები და მსვლელობით შეუერთდებიან იუსტიციის სამინისტროსთან აქციას" –ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ორგანიზებით ჩატარდება. მისი მთავარი ლოზუნგია- " საქმით მივემსგავსოთ 100 000 მოწამეს და ნაყოფით ვიცნობოდეთ მათი შთამომავალნი"
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერვიუში მრავალჯერ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. მან განაცხადა, რომ ID ბარათი წინა ხელისუფლებამ ისე მოახვია თავს საზოგადოებას, რომ წინასწარ მასთან კონსულტაციები არ გაუმართავს.
ID ბარათებთან დაკავშირებით მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" ისაუბრა.
"სამწუხაროდ, ახლა მე მიწევს ამის კეთება. ღიად ვამბობ, ვიმყოფები იმ რთულ მდგომარეობაში, როდესაც უკვე არსებული ფენომენის ფუნქციონირების პირობებში მიწევს იმ სამუშაოს ჩატარება, რაც მანამდე უნდა ჩატარებულიყო. არავინ უარყოფს, რომ ევროკავშირი ჩვენგან მოლაპარაკების გაგრძელების ერთ- ერთ წინაპირობად აყენებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ID ბარათი უნდა ჰქონდეთ. ამას არავინ აპროტესტებს. მე ვამბობ იმას, რომ როდესაც ასეთი სიახლე შემოგაქვს, და იცი, რომ არის სერიოზული წინააღმდეგობა ამგვარი ფენომენისადმი, ჯერ უნდა ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩაატარო. სხვათა შორის, პიარკამპანია, რომელიც ბატონმა ვაშაძემ აწარმოა ID ბარათთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული. იქ იყო ნათქვამი, რომ ეს ბარათი არის უფრო მეტი, ვიდრე პირადობის მოწმობა. ამ დროს ID ბარათი არ არის უფრო მეტი, ვიდრე პირადობის მოწმობა და არ შეიცავს არანაირ ისეთ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას აძლევს ვიღაცას, კოსმოსში გვაკონტროლოს,"-აცხადებს მინისტრი.
როგორც წულუკიანი ამბობს, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს შეხვედრებს და ატარებს კვლევას, რომ ზუსტად გაიგოს, ვის რა აწუხებს.
"ამ კვლევაში მე მოვიწვიე სასულიერო პირებიც, რომ ზუსტად აგვიხსნან, რა კუთხით ეწინააღმდეგება რელიგიურ დოქტრინას ID ბარათი. აგრეთვე, ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომ საზოგადოებაში ზუსტი სურვილები და პრეტენზიები დავინახოთ. ვატარებთ პრეზენტაციებს, სადაც ახსნილია ერთი ძალიან მარტივი რამ. თუ ID ბარათს კომპიუტერთან არ შევაერთებთ, ის აბსოლუტურად იგივეა, რაც ჩვეულებრივი ლამინირებული ბარათი."
მინისტრის თქმით, "თავს მოხვეულმა ID ბარათმა არაერთ ოჯახს შეუქმნა დიდი პრობლემა, თუნდაც ბავშვის აცრის ან განათლების მიღების მხრივ, და ეს პრობლემები არ უნდა დარჩეს პრობლემებად."
“ეს არის სიცრუე და დიდი სისულელე”, – ასე შეაფასა ყოფილმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ID ბარათებთან დაკავშირებით თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება.
იუსტიციის მინისტრმა თავად აიღო ID ბარათი და როდესაც მის მისაღებად იუსტიციის სახლში განცხადება შეიტანა, განაცხადა, რომ შესაძლოა დაიწყონ ფიქრი, ხომ არ უნდა იყოს ID ბარათის აღება არჩევითი.
“მე ავიღე ბარათი და მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გზაა, რომ თანამედროვე ადამიანმა ცხოვრება გაიადვილოს. არ არის გამორიცხული, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, არჩევითი ხომ არ უნდა იყოს და არჩევანის უფლება ხომ არ უნდა მივცეთ იმ მორწმუნე მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდათ ID ბარათის აღება”, - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა: “ ყოველ შემთხვევაში მე, როგორც მართლამდიდებელმა მორწმუნემ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ID ბარათი მჭირდებოდა და მოვედი დღეს მის ასაღებად”.