სოზარ სუბარი:  ოპოზიციას დღის წესრიგი არ აქვს და თემების შექმნას ხელოვნურად ცდილობენ

სოზარ სუბარი:  ოპოზიციას დღის წესრიგი არ აქვს და თემების შექმნას ხელოვნურად ცდილობენ

ოპოზიციის დღის წესრიგი არის ის, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი არ აქვს და თემების შექმნას ხელოვნურად ცდილობენ, - აღნიშნულ შეფასებას “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აკეთებს.

სუბარის თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია, რადგან ქვეყანაში არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპონენტებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს.

„კარგი იქნება, მოემზადონ და მოსახლეობას აჩვენონ, რა შეუძლიათ, მათი იდეა რა არის, რისი გამკეთებლები არიან. მგონი, დიდი პაუზა ყველაზე კარგი ოპოზიციისთვისაა, რადგან ყოველ წელს არჩევნებია, რაიმე სათქმელზე ვერასოდეს ჩამოყალიბდნენ და მუდმივად ცდილობდნენ, არეულობის რეჟიმისთვის მიეღწიათ. ახლა დრო ექნებათ, თავისი სათქმელის კრისტალიზაცია მოახდინონ, თუ რაიმე სათქმელი აქვთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, მას ოპოზიცია წააგებს.

„იციან, რიგგარეშე არჩევნებსაც წააგებენ, მაგრამ წარმოვიდგინოთ - რიგგარეშე არჩევნები შიშველ ადგილზე რომ დაინიშნოს, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, ამის არანაირი საჭიროება არ არის, მაგრამ კარგით, ვთქვათ, რამდენიმე ლიდერის მოთხოვნას დავთანხმდით და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. „ქართული ოცნებისთვის“ ამან შეიძლება ერთადერთი უარყოფითი ის გამოიწვიოს, რომ ჩვენი ამომრჩეველი შეიძლება გაბრაზდეს და თქვას: - ვის ჭკუაზე დადიხართ, ცოტა მეტი ქვეყანაზე იფიქრეთ. ამის გამო შეიძლება ხმები დავკარგოთ. ოპოზიციას ეს გათვლა თუ აქვს, თორემ 2022-ში რიგგარეშე არჩევნები რომ იყოს, მაინც წააგებენ და მათთვის რა მნიშვნელობა აქვს რიგგარეშე არჩევნებს?!“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.