გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: ასეთი უზნეო განცხადებები მომავალი არჩევნების დროს საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ დისკომფორტს შეუქმნის

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: ასეთი უზნეო განცხადებები მომავალი არჩევნების დროს საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ დისკომფორტს შეუქმნის

აბსურდული განცხადებები გვესმის, მათ შორის სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან, რომ არის ნაწამები და ასე შემდეგ და თავისუფალ სივრცეში, კურორტზე უნდა გაიაროს რეაბილიტაციის პერიოდი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მორიგ განცხადებას გამოეხმაურა.

„უამრავი ნაწამები ადამიანია იმ რეჟიმის პირობებში, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მოშიმშილეც უამრავი ადამიანი ყოფილა, რომელსაც არა თუ ყურადღებას არ აქცევდნენ, არამედ მართლაც რომ აწამებდნენ. ასე, რომ ასეთი უზნეო განცხადებები თავად ამ დაცვის მხარესაც და ვფიქრობ, პოლიტიკურ ძალასაც მომავალი არჩევნების დროს საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ დისკომფორტს შეუქმნის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ყოფილი პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ ამჯერად განაცხადა, რომ ოპოზიცია ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს.