თინათინ გიორგობიანი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

თინათინ გიორგობიანი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი თინათინ გიორგობიანი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ  უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

ძველი ბერძნულის საუცხოო მცოდნემ, დიდი კომპეტენციის სპეციალისტმა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგმა თინათინ გიორგობიანმა უნივერსიტეტში მოღვაწეობის ორმოცდათხუთმეტწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში   სტუდენტთა მრავალი თაობის განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.  წლების განმავლობაში იგი ასწავლის ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს, ძველი ბერძენი ავტორების შემოქმედებას, ბერძნული ლექსთწყობის საკითხებს, ძველ ბერძნულ დიალექტებს, ძველი ბერძნული ენის ისტორიას, სინტაქსსა და სტილისტიკას, ახალი აღთქმის ბერძნულ ენას, ბერძნული ენის ლექსიკასა და ლექსიკოგრაფიას, ენობრივ კონტაქტებს და სხვ. 

თინათინ გიორგობიანი არის 80-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორისაა სამეცნიერო სტატიები საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები ბერძნული ენის აქტუალურ საკითხებზე და ძველბერძნულ-ქართული ლექსიკონები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ თინათინ გიორგობიანის მიერ მომზადებულ და გამოცემულ ლექსიკონებს ანალოგი არ მოეპოვება და, ამდენად, წარმოადგენს უნიკალურ საგანამანათლებლო რესურსს ძველი ბერძნული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის. 

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ის, ფაქტობრივად, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის ყველა კურსდამთავრებულის აღმზრდელია და, ამდენად, განუზომელია მისი ღვაწლი კლასიკური ფილოლოგიის სკოლის განვითარების საქმეში. 
პედაგოგიურ და სამეცნიერო მიღწევებთან ერთად თინათინ გიორგობიანი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მისი მატერიალური მხარდაჭერით ბევრი სტუდენტი ეუფლება კლასიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის სპეციალობებს, ხოლო მისი ფინანსური მხარდაჭერით კლასიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებით არაერთი ნაშრომი გამოიცა.