ვირუსი მუტირებას განაგრძობს - კოვიდის რა შტამებია ამ დრომდე ცნობილი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ახალი ვარიანტები აღარ გამოჩნდეს

ვირუსი მუტირებას განაგრძობს - კოვიდის რა შტამებია ამ დრომდე ცნობილი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ახალი ვარიანტები აღარ გამოჩნდეს

მსოფლიოში Covid 19-ის გამოჩენის შემდეგ ვირუსის არაერთი მუტაცია გამოჩნდა და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, კიდევ არაერთი ვარიანტი გვექნება. ახალ შტამებს მეცნიერები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ბერძნული ასოების სახელებს არქმევენ, რომ მათი განხილვა არასამეცნიერო საზოგადოებისთვისაც მარტივი გახდეს. 

ამ დროისთვის, გამოყოფენ ოთხ დომინანტ ვარიანტს, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობაში ვრცელდება - „ალფა“ ვარიანტი (იგივე B.1.1.7), რომელსაც ბრიტანულ ვარიანტს ეძახდნენ), თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში  - ლონდონსა და კენტში დააფიქსირეს; „ბეტა“ ვარიანტი (B.1.351, რომელიც ცნობილი იყო აფრიკული შტამის სახელით), „გამა“ ვარიანტი (P.1, იგივე „ბრაზილიური შტამი“) და „დელტა“ (B.1.617.2, „ინდური შტამი“).

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ამ დროისთვის, აშშ კიდევ რამდენიმე ვარიანტს აკვირდება, ესენია - „ეფსილონი“, „ეტა“, „იოტა“, „კაპა“, „მიუ“ და „ზეტა“, რომლებიც ჯერჯერობით შეშფოთების მიზეზს არ იძლევიან. 

ამ დროისთვის, მსოფლიოში „დელტა“ ვარიანტია ფართოდ გავრცელებული. CDC-ის ინფორმაციით, „დელტა“ მეტ ადამიანს აინფიცირებს და უფრო სწრაფად ვცელდება, ვიდრე კოვიდის წინა ფორმები. უწყების ცნობით, ვაქცინები „დელტას“ წინააღმდეგაც ეფექტიანად მუშაობს და ასევე, იცავს ადამიანს მძიმე გართულებებისგან. 

კორონავირუსის ყველა შტამს მსგავსი სიმპტომები აქვს - სურდო, ხველა, თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, კუნთების ტკივილი... სპეციალისტები ამბობენ, რომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში აუცილებელია კოვიდის დასადგენი ტესტის გაკეთება. ახალი ვარიანტების დაფიქსირება ყველა კოვიდტესტს შეუძლია, თუმცა კონკრეტულად, რომელი შტამით არის ადამიანი ინფიცირებული, PCR და სწრაფი ტესტებით ამისი დადგენა შეუძლებელია.

შტამებს შორის ყველაზე სწრაფად და აგრესიულად „ალფა“ და „დელტა“ ვარიანტები ვრცელდება. ეს შტამები, ასევე, ხშირად უფრო მძიმე დაავადებას და გარდაცვალებასაც იწვევენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახალი შტამებიც გაჩენას შეაჩერებს, ვაქცინაციაა.