პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდნენ საკანონმდებლო ორგანოში, შიმშილობას წყვეტენ.
გადაწყვეტილება მათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ ბრიფინგზე გამოაცხადეს.
დეპუტატების განმარტებით, საკითხი, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა, ამ ეტაპისთვის მოიხსნა და შიმშილობას წყვეტენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.
საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.