„დღევანდელი გადაწყვეტილებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ იუსტიციის სამინისტროს წინადადება მისაღები არ აღმოჩნდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სერვისებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებითაა მიღებული.
„ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკური და გამართლებული გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღეს. დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალს აქვს ნორმალური პირობები. სამედიცინო თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია. ყველა თვალსაზრისით დაბალანსებული გადაწყვეტილებაა მიღებული", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.