იუსტიციის მინისტრი: პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში შესახლების დღიდან, სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული

იუსტიციის მინისტრი: პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში შესახლების დღიდან, სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული

„პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში შესახლების დღიდან, სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას ესაჭიროებოდა, მიეწოდა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებების სრულად დაცვაზე მიუთითებს და ამის ნათელი დასტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის თაობაზე.

„ეს გარემოება ნათლად უსვამს ხაზს ჩვენი თითოეული მოქმედების კორექტურობასა და ერთგულებას ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებისადმი. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ წუთამდე არ შეუსრულებია სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ისე - სხვა ადამიანების ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, დესტრუქციულ ოპონენტებს, ნაცვლად იმისა, რომ გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მისთვის მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სრულიად გაუგებრად იყენებდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრო, მერკანტილური პოლიტიკური ინტერესებისთვის, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წუთებიდან, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი გახდა ადამიანი, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებისას, სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, გაჩნდა კონსტიტუციური ვალდებულება“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.