ირაკლი კობახიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი - მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას

ირაკლი კობახიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი - მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი - ეს უპასუხისმგებლო კაცი, მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კაცობის მას არაფერი სცხია, მან ეს დაამტკიცა იმ 9 წლის განმავლობაში, როცა იყო მმართველობაში და შემდეგ როცა იყო ოპოზიციის ლიდერი. „აქედან გამომდინარე, მას ეკისრება მთლიანად პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ეს პასუხისმგებლობა გააცნობიეროს. თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს,"- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას დედის განცხადებას, რომელიც პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს, თუმცა, დასძენს, რომ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და ამით დასრულდება ის უბედურება, რაშიც არის საზოგადოება.

"ჩვემ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ამ თემაზე, არის სტრასბურგის ძალიან მკაცრი მოწოდება სააკაშვილის მიმართ, რომ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ამ შეწყვეტაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის, ელენე ხოშტარიას საკითხიც. ამას არ აკეთებს მიხეილ სააკაშვილი, რითაც ავლენს თავის ბუნებას, რომ სტრასბურგის სასამართლო მისთვის არაფერია. ის გაბრაზებულიც არის სტრასბურგის სასამართლოზე, რადგან ასჯერ უკვე სტრასრბურგის სასამართლომ ამხილა ის უამრავ დანაშაულში. ეს ადამიანი საქართველოში შემოიპარა ტრაილერით და იმის გარისკვაც კი არ უნდოდა, რომ შემდეგ მოხვდებოდა ციხეში და უნდა რამენაირად გათავისუფლდეს იმ 6 წლიანი სასჯელისგან, რომელიც აქვს შეფარდებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მოწოდებაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეასრულოს სტრასბურგის მოწოდება, გადაწყვეტილება და ამით ბოლო მოეღება იმ უბედურებას, რაშიც არის დღეს საზოგადოება, რაც ყველასთვის არის მომაბეზრებელი და არავის მოსწონს ეს ყველაფერი. სააკაშვილის ხელშია ამ უბედურების დასრულება, მისი მხრიდან უნდა იყოს გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, რასაც მოითხოვს მისგან სტრასბურის სასამართლო,"- განაცხადა კობახიძემ.