მიხეილ სააკაშვილზე ხელისუფლება უფრო ზრუნავს, ვიდრე მისი მომხრეები, რადგან აქციებითა და რადიკალური გამოსვლებით მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია შეიძლება იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მომხრეებს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნასთან ერთად, მის მიმართაც უნდა ჰქონდეთ მიმართვა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.
„სჯობს, იყოს ექიმების კონსულტაციები და გადაწყვეტილება ასე მიიღონ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკურად სპეკულირებენ. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოუწოდონ და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვონ, ამას არ აკეთებენ ან ნაკლებად აკეთებენ. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნასთან ერთად, სააკაშვილის მიმართაც უნდა ჰქონდეთ მიმართვა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.