დავით სერგეენკო: მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით,​ დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა - ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ

დავით სერგეენკო: მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით,​ დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა - ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით,​ დაასაბუთეს ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ.

„პირადი რეკომენდაცია უკვე გავახმოვანე მის პირად ექიმთან და ამ დაწესებულების ექიმებთან, რომელიც პრინციპში სრულდება კიდეც. ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში იყო რამდენიმე სპეციალისტის, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედო გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებული იქნება. ეს არის სამედიცინო ლოგიკა. მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა. აქედან ორი ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნევროლოგის კონსულტაცია იყო უკვე, გასტროენტეროლოგი ღამე ჩატარდებოდა. ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ადგილზე გაკეთდება, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება პაციენტი იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.