“საქართველოში თითქმის არ დარჩა ისეთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლის მოქმედება არ განიხილება მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში”, – ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს და სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება.
კაკაბაძის თქმით, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ყველა განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური ძალის “მესიჯ ბოქსებისგან” შედგება.
“ამნესტი ინტერნაციონალის დირექტორს. გავეცანით თქვენს განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ „მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ“ და რომ „მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველის ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები“.
მივესალმებით თქვენი ორგანიზაციის მუდმივ მზადყოფნას, რომ დაიცვას უფლებადამცველთა უფლებები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში თითქმის არ დარჩა ისეთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლის მოქმედება არ განიხილება მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს განხორციელებულ „ვარდების რევოლუციის“ მომზადებაში და განხორციელებაში ძირითადად სწორედ უფლებდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც რევოლუციის შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკაში და ამტკიცებდნენ, რომ იქიდან აგრძელებდნენ უფლებადაცვით საქმიანობას. 2012 წელს, როდესაც ეს ძალა საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლებიდან გაუშვა მათი ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური მმართველობის გამო, გაპოლიტიკოსებული უფლებადამცველები ფორმალურად კვლავ დაუბრუნდნენ უფლებადაცვით საქმიანობას და ახლა უკვე ამ სტატუსით ეწევიან ოპოზიური ფლანგიდან ბრძოლას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. სწორედ მათი რიგებიდან არის დღევანდელი სახალხო დამცველი, ქ-ნი ნინო ლომჯარია, რომლის, პრაქტიკულად, ყველა განცხადება და ქმედება წარმოადგენს რევანშისტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მესიჯ ბოქსების გაჟღერებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების უმრავლესობა მის და ბევრი ე. წ. უფლებადამცველის განცხადებებს აღიქვამს არა როგორც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირები პირებისა თუ ინსტიტუტების პოზიციად, არამედ – რადიკალური ოპოზიციის მიზნებისა და ზრახვების გაჟღერებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებისას გაითვალისწინოთ უფლებადაცვით სფეროში აქ არსებული რეალური მდგომარეობა და ის საფრთხეები, რომელსაც შეიცავს უფლებადაცვითი საქმიანობის უკიდურესი პოლიტიზება”, – წერს ნანა კაკაბაძე.