ანალიტიკოსი ნოდარ ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს:
"სოლჟენიცინს, ალექსანდრ ისაევიჩს, „არქიპელგ გულაგში“ მაშინდელი რეპრესიული მანქანის მიერ შემუშავებული დაკითხვის (წამების) მეთოდები 31 ნაწილად აქვს დაყოფილი. თავის მხრივ თითოეული მეთოდი კიდევ რამოდენიმე „ქვემეთოდს“ შეიცავს, მაგალითად რიგით 27-ე მეთოდში, „ცემა“, მისი 52 ნაირსახეობაა ნახსენები.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ალექსანდრ ისაევიჩი საბჭოთა რეპრესიული მანქანის მიმართ ტოლერანტობით ნაკლებად გამოირჩეოდა, ალბათ უფრო პირიქით. მიუხედავად ამისა მის მიერ მოყვანილი უსაშინლეს მეთოდ-ქვემეთოდთა არცერთ პუნქტში არ არის ნახსენები მამაკაცის გაუპატიურების თუნდაც იმიტირების ვარიანტი.
10 წელია პერიოდულად, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში გამოჩნდება სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, როდესაც მერაბიშვილი ქირქილით ატყობინებს პატრონს, რომ მასთან იყო მისული ერთ-ერთი დაკავებულის ცოლი და თხოვა რომ მეუღლეზე ციხეში სექსუალურად არ ეძალადათ. რა თქმა უნდა სიტყვები სხვაა, თუმცა აზრი ცალსახად იკითხება და ეს მშვენივრად ესმის სააკაშვილსაც, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, უცხო საერთოდ არაა ასეთი რამ.
აშკარაა, მისთვის ცნობილი იყო, როგორი მეთოდებით მოქმედებდნენ ვანოს „ლომები”. ანუ, ამ შედარებით მიკრო მასშტაბის უდიდესი ნაძირლები გაცდნენ კომუნისტური წითელი ტერორის ნორმებსაც კი და უბინძურესი მეთოდები საკუთარი რეჟიმის გაძლიერების ძირითად საყრდენებად აქციეს. და ეს არ დასტურდება მხოლოდ ზემოთ მოყვანილი საუბარით, ან საყოველთაოდ ცნობილი ზუგდიდელი კოჭლი ნაძირალას კადრებით.
საოცარია მხოლოდ ის, თუ როგორ ვერ მოახერხეს აქამდე სახელისუფლებო ძალებმა ბინძური, დანაშაულებრივი ორგანიზაციისათვის სამართლებრივი შეფასების მიცემის ორგანიზება? როდემდე უნდა ეკიდოს საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის თავზე, დამოკლეს მახვილის მსგავსად, უზნეო ადამიანებისა და სადისტური რეჟიმის დაბრუნების საშიშროება?"