„თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენებას აკრძალავს

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენებას აკრძალავს

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენებას აკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ ყველა ავღანელმა ვაჭრობისას ავღანური ვალუტა გამოიყენოს“, - ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში.

ამერიკული დოლარის გამოყენება ფართოდ გავრცელებულია ავღანეთის ბაზრებზე, ხოლო სასაზღვრო რაიონებში ვაჭრობისთვის მეზობელი ქვეყნების ვალუტას იყენებენ, როგორიცაა პაკისტანის ეროვნული ვალუტა.

29 ოქტომბერს, „თალიბანის“ მთავრობა ცენტრალური ბანკის რეზერვების მილიარდობით დოლარის განბლოკვას მოითხოვა, ვინაიდან ქვეყანა ფულადი სახსრების კრიზისის, მასობრივი შიმშილისა და ახალი მიგრაციის კრიზისის წინაშე დგას.

ავღანეთმა მილიარდობით დოლარის აქტივები აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და ევროპის სხვა ცენტრალურ ბანკებში განათავსა, თუმცა აღნიშნული აქტივები მას შემდეგ გაიყინა, რაც აგვისტოში „თალიბანმა“ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხო.

„ეს ფული ავღანელ ერს ეკუთვნის. უბრალოდ მოგვეცით ჩვენი ფული. ამ თანხის გაყინვა არაეთიკურია და ყველა საერთაშორისო კანონსა და ღირებულებას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა „თალიბანის“ მთავრობის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აჰმად უალი ჰაყმალიმ.