ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის არმია შეიარაღებას მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იყენებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის არმია შეიარაღებას მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იყენებს

უკრაინის არმია შეიარაღებას მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იყენებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უკრაინა თავის ტერიტორიასა და სუვერენიტეტს იცავს. ჩვენ შეტევაზე არ გადავდივართ. ჩვენ მხოლოდ პასუხს ვცემთ. შეიარაღებას მხოლოდ მოწინააღმდეგის მიერ დონბასში სიმშვიდის დარღვევის საპასუხოდ ვიყენებთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა საპასუხო ქმედებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ახორციელებს, ხოლო უპილოტო საფრენ აპარატებს მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებს.

28 ოქტომბერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საფრანგეთი შეშფოთებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონბასში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის გამოყენების გამო.

27 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დონბასში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის გამოყენება დაადასტურა.

„2021 წლის 26 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის ბრძანებით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, Bayraktar-ის უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი პირველად გამოიყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar-ი მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის ტერიტორიის ჰაერიდან დაკვირვებას, სამიზნეების ოპერატიულ იდენტიფიცირებასა და ჩახშობას. იგი აღჭურვილია მართვადი რაკეტებით და საჰაერო ბომბებით, ასევე, რამდენიმე მაღალი გარჩევადობის კამერით, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით და შეუძლია, ჰაერში დღეზე მეტ ხანს დარჩეს დაშვების გარეშე.