დავით ქართველიშვილი:  არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი მოიაზრება

დავით ქართველიშვილი:  არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი მოიაზრება

,,უკრაინული ჟურნალისტური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია მსგავსი "ქოლ-ცენტრების" მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის თაობაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი მოიაზრება’’ –  ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოს და გერმანიის ფედერაციის საგამოძიებო უწყებების ერთობლივ ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს. 

ქართველიშვილის თქმით, ვერსია საინტერესოა, მით უმეტეს, თუ დადასტურდება საქართველოში დაპატიმრებული პირების მხრიდან.  

,,ამ პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში ერთი საინტერესო მოვლენა ლამის გამოგვეპარა. გერმანიის სამართალდამცველებისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი უკლებლივ ყველა დანაყოფის მიერ, ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გახსნილი იქნა ტრანსნაციონალური დანაშაული და დაკავებული იყო ამ ეტაპზე 7 ბრალდებული პირი.
ამ დანაშაულს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს, როდესაც საქართველოს და ისრაელის მოქალაქეებმა შექმნეს რა ტრანსნაციონალური სინდიკატი, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე - დააფუძნეს რამდენიმე შპს და "ქოლ-ცენტრი", რომლის უცხო ენების მცოდნე ოპერატორები სთავაზობდნენ გერმანიის და ევროპის სხვა მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში ცნობილი ბიზნეს-ტრენდების აქციების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო აქტივების, კრიპტოვალუტის შესაძენად. ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
გამოძიება ჯერჯერობით მხოლოდ საწყის სტადიაზეა, თუმცა უკვე ამ ეტაპზე დადგინდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა - 9 490 991 ევრო, 716 642 აშშ დოლარი და 218 000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი. 

უკრაინული ჟურნალისტური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია მსგავსი "ქოლ-ცენტრების" მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის თაობაზე. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი მოიაზრება. ვერსია საინტერესოა, მით უმეტეს, თუ დადასტურდება უკვე საქართველოში დაპატიმრებული პირების მხრიდან ჩვენთან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.’’ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.