ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იტალიური ენის XXI მსოფლიო კვირეულის დახურვის ცერემონიალს უმასპინძლა. კვირეულის ფარგლებში, თსუ რომანული ენების ფილოლოგიის დეპარტამენტისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია „დანტეს შემოქმედება, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური“, გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველოსა და იტალიას მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, თსუ წარმატებით თანამშრომლობს იტალიის რესპუბლიკის 30-მდე უნივერსიტეტთან. „ეს თანამშრომლობა მოიცავს არაერთ სამეცნიერო დარგს. მათ შორის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში თსუ 10-მდე უნივერსიტეტთან ახორციელებს გაცვლით პროექტებს. ჩვენთვის დიდი პატივია თსუ-ს რომანული ენების ფილოლოგიის დეპარტამენტის და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. სამი წლის წინ თსუ-მ უმასპინძლა იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, რომელმაც ძალიან საინტერესო ლექცია წაიკითხა ქართულ-იტალიურ ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამ კავშირებს უნდა მოვუფრთხილდეთ და კარგია, რომ სწორედ ამ კონფერენციამ დააგვირგვინა კვირეული, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული დანტე ალიგიერის პორტრეტით გაფორმებული საფოსტო მარკის და დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების“ ორენოვანი ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანტე ალიგიერისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვესწრები. დღევანდელ კონფერენცაზე განიხილება დანტე ალიგიერის შემოქმედება, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა, მისი როლი საკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებაში. დანტე პირველ რიგში, თავისი ეპოქის შვილია, თუმცა მისი იდეები დღესაც უაღრესად აქტუალურია,“ - განაცხადა იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ქვეყნებს შორის მჭიდრო საგანმანათლებლო თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ „საქართველოს 13 საჯარო სკოლაში იტალიური ენა ისწავლება როგორც მეორე უცხო ენა. უმაღლესი განათლების საფეხურზე მუშაობს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები, სადაც სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სწავლა იტალიის უნივერსიტეტებში განაგრძონ,“- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.
„დანტე ალიგიერი თავზარდამცემი გენიაა, რომლის ნააზრევი გზის მაჩვენებლად მიჰყვება მთელ კაცობრიობას აგერ უკვე შვიდი საუკუნის განმავლობაში. დღეს წარმოვადგინეთ შესანიშნავი წიგნი, არაჩვეულებრივი თარგმანით, უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული და უდიდესი გემოვნებით შექმნილი საფოსტო მარკა. ეს ყველაფერი კი, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ისედაც არაჩვეულებრივი კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გზაზე,“- განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს ეძღვნება.