კრწანისის ყეყეჩოები

კრწანისის ყეყეჩოები

ვერც ლადო ასათიანი და, მით უმეტეს, ვერც სამასი არაგველი, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ გაივლიდა ორასთვრამეტი წელი და კრწანისს უბრძოლველად აიღებდა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მსოფლიოში ყველაზე დაბალანსებული საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ვერც აღა-მაჰმად-ხანი წარმოიდგენდა და ვერც ვერავინ. წარმოუდგენელს იმიტომაც ქვია წარმოუდგენელი, რომ ვერ წარმოიდგენ.

ხომ გვყავს ამდენი ექსპერტი? წარმოიდგენდა რომელიმე?

ხათუნა ბერძენიშვილს უმალ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელად წარმოვიდგენდი (ზაზა ფაჩულიამ ოპერაცია გაიკეთა), ვიდრე კრწანისის გამგებლად, მაგრამ რაც მოხდა - მოხდა და ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა, ახლა მაინც მოვუხმოთ ფანტაზიას, დავძაბოთ წარმოსახვა და წარმოვიდგინოთ მანამდე წარმოუდგენელი, აწ კი წარმოსადგენი:

ქალბატონმა ხათუნა ბერძენიშვილმა სანიაღვრე ჭების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა;

ქალბატონმა ხათუნა ბერძენიშვილმა პირადად დაასუფთავა რამდენიმე ეზო;

ქალბატონმა ხათუნა ბერძენიშვილმა მოინახულა კრწანისის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალსულიანი ოჯახი, მიუტანა ორი მათლაფა ტყუილი სუპი და თვითონაც ისადილა. ოჯახის უფროსის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გამგებლად ქალბატონი ხათუნა ბერძენიშვილი დაინიშნა, მათ ოჯახში ჭურჭლისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებების დეფიციტია, რადგან დღე არ გავა, რომ ქალბატონმა ხათუნა ბერძენიშვილმა არ მოიტანოს ორი მათლაფა ტყუილი სუპი და არ ისადილოს მათთან ერთად;

ქალბატონი ხათუნა ბერძენიშვილი შეხვდა პარიზის მეცამეტე რაიონის გამგებელს და მასთან ერთად განიხილა ევროინტეგრაციის საკითხები;

ქალბატონმა ხათუნა ბერძენიშვილმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სახლის გამაგრებით სამუშაოებში - დადო ორი აგური და ოსტატს მიაწოდა ქაფჩა;

ქალბატონმა ხათუნა ბერძენიშვილმა ყვავილებით შეამკო თბილისის იმ ორი მოქალაქის საფლავი (მათ საფლავებთან მისვლა და მუხლის მოდრეკა მოუნდა), რომლებმაც აღა-მაჰმად-ხანს მიაწოდეს გადამოწმებული და დაბალანსებული (ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მოთხოვნების გათვალისწინებით) ინფორმაცია, ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ყავსო...

მანამდე იქნებ მწარედ ვხუმრობდი კიდეც, მაგრამ ეს ბოლო მწარედ სერიოზული იყო, რადგან მე იმას ვუყურებ, ვის მიერ არის დანიშნული, ანუ ვინ ენდობა და ვის აქვს მისი იმედი.

მისი იმედი აქვს გიგი უგულავას - თბილისის მერს, რომელმაც მეუღლე სამშობიაროდ ვენაში წაიყვანა, რადგან არ ვიცი - აქაურ ექიმებს არ ენდობოდა თუ აქაური რესტორნების სერვისის იმედი არ ჰქონდა.

ეს თემა - იმედი, კადრებთან არის დაკავშირებული. "კადრები წყვეტენ ყველაფერს" - თქვა სტალინმა და ვინ მამაძაღლი იტყვის, რომ ეს ასე არ არის? კადრები წყვეტენ ყველაფერს, მაგრამ როცა ყველაფერს კადრულობენ, მაშინ - წყვეტენ კიდეც და ჟლეტენ კიდეც.

მოფიქრება არ გინდა, საეჭვო მუსიკალური ნიჭის ხალხი, "თეატრალური კვარტეტი", ალპინისტ-დამგველებად რომ დანიშნო? უყურებ - სცენაზე ძლივს დგანან და უცებ აღმოაჩენ, რომ მათ მოვალეობას კედლებზე ძრომიალი და შუშების წმენდა წარმოადგენს. ანაც გოგოლა კალანდაძე - ნაგვის მანქანის მძღოლი, მალხაზ ქვრივიშვილი - ასევე მძღოლი, რუსუდან კერვალიშვილი - ავტობუსში ქალებისა და კაცების რაოდენობის დამბალანსებელი და მიდი ახლა შენ და ნაგავზე მიბმული დენით ამათ ხელფასი უხადე!

არა მგონია, ის სია, რომელიც გამოქვეყნდა, სრული რომ იყოს. კიდევ ბევრი გვარი ამოტივტივდება და იქნებ ისიც აღმოვაჩინოთ, რომ გიგა ნასარიძე არმატურად მუშაობდა, ხოლო მერაბ სეფაშვილი თავისუფლების მოედანზე, მერიის საათში იჯდა და საათში ერთხელ "თბილისოს" მღეროდა, და რომ ისიც და ესეც, ორივენი, ამაში იღებდნენ ხელფასს და პრემიასაც.

ნაგვის ურნებად მაინც დაენიშნათ... მაგასაც მოვესწრებით - გიგი უგულავას ჯერ კიდევ ერთი წელი აქვს და ამ ერთ წელიწადში რა მოხდება, ღმერთმა უწყის. გუშინ გუდაური თბილისს შეუერთა, ხვალ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას გადასცემს, ზეგ ნუცუბიძის პლატოს და ვაშლიჯვარს ზემო აფხაზეთად მონათლავს და მერე ოკუპაციის მუზეუმში ახალი ექსპოზიციის გახსნაზე ლენტსაც გაჭრის. ექსპოზიციის სახელწოდება იქნება "თბილისის ოკუპირებული ტერიტორიები და ახალი გამოწვევები".

ეს ყველაფერი მწარედ არის სასაცილო, მაგრამ არის რამე სხვაობა მწარე გაცინებასა და გულიან ატირებას შორის?

ორად გავიყოთ,ზოგმა მწარედ გაიცინოს ზოგმა გულით იტიროს - მერია მაგათ ხელშია,საკრებულოს თავმჯდომარედ კი ის არის დანიშნული, ვინც საკუთარ თავს მწერალს უწოდებს და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ამ უკანასკნელის ულვაშების დანახვაზე თავში ერთი უხამსი აზრი მომდის ხოლმე და არა მგონია, რომ ერთადერთი ვიყო, ვისაც მასთან მიმართებაში ეს სველი და თბილი იდეა აწუხებს.

ამ ქალაქში იდეებს რა გამოლევს, მით უმეტეს - ასეთ იდეებს, რადგან წლები გადის, ერთ მერს მეორე ცვლის, მეორეს - მესამე და მესამეს მეოთხე შეცვლის თუ პირდაპირ ოცდამეოთხე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - თბილისს და თბილისელებს დაგვცინიან. თბილისი კი სულაც არ არის მარტო თბილისელების, დედაქალაქია და ყველასია. ყველას დაგვცინიან. საცემები არიან და, არჩეულები ვართო. ძალადობას კი არ ვემხრობი, უბრალოდ ის გამახსენდა, დათა თუთაშხიამ "კანფეტებივით რომ ჩამოურიგა თითი წიხლი" თავის ეგზეკუტორებს.

ჩემი ბავშვობის თბილისი მახსენდება და მგონია, რომ ეგ იყო ყველაზე კარგი. ალბათ ყველას ახსენდება თავისი ბავშვობის თბილისი და ყველა დარწმუნებულია, რომ სწორედ მისი ბავშვობის თბილისი იყო საუკეთესო.

"ჰაა, საბჭოთა კავშირის ნოსტალგია მოგეძალა?" - მკითხავს რომელიმე ბრიყვი, მაგრამ რა შუაშია საბჭოთა კავშირი? ნიკო კეცხოველიც მომენატრა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში და რა - კოტე გაბაშვილივით კომუნისტი ვარ, გიგი წერეთელივით კომკავშირელი, თუ მიხეილ სააკაშვილივით ეფრეიტორი?!

როგორ გაგვახსენდება 92-93 წლების თბილისი? ცივად ჩაბნელებული, მშიერი და ბევრი პანაშვიდით, ნავთქურებით, მარილწყალში ამოვლებული შეფიცხებული პურის ნაჭრებით, ანაც ისე,როგორც აკა მორჩილაძე წერს თავის ერთ-ერთ მოთხრობაში: "გერმანიაში ქართველი გოგოები თბილისობანას თამაშობენ - ოთახში შუქს აქრობენ, ანთებენ სანთლებს, შემოიხვევენ პლედებს, მიიკუნჭებიან სავარძლებში, სვამენ ყავას და ჭორაობენ".

აბა, ეგ როგორ უნდა მოგენატროს, მაგრამ ეგ არ ენატრებოდათ და არც ჩვენ გვენატრება, გვენატრება ის ადამიანური სითბო, რომელსაც ადამიანები გაჭირვების დროს ერთმანეთს უზიარებენ, რათა გადარჩნენ, და ეს ხდება გაუაზრებლად, ინსტიქტურად, რადგან თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს ყველა არსებას, ადამიანისთვის კი ეს, პირველ რიგში, სწორედ ადამიანობა და ადამიანური სითბოა - მიიღო და გასცე. მაგრამ თუ არ გასცემ ვერც მიიღებ.

რასაცა გასცემ შენიაო - ვიღაც-ვიღაცეებს ალბათ გონიათ, რომ ეს სტრიქონები კაკალაშვილს ეკუთვნის...

ოდესმე, ალბათ, ძეგლს დავუდგამთ სადარბაზოებში შეშის საერთო ღუმელთან მოფუსფუსე მეზობლებს.

რა გაგვახსენდა მაშინ, როდესაც გავიგეთ, რომ მომღერლები გაფორმებულები იყვნენ მენაგვე-ალპინისტებად, მსახიობები - მძღოლებად, რომ დაბალანსებული ხათუნა ბერძენიშვილი გამგებლად დაინიშნა და, საერთოდ, ვის, სად და რაში უნიშნავდა გიგი უგულავა?

მე გამახსენდა სიტყვა "გოიმი" - სიტყვა, რომელმაც ინტერნეტის ეპოქაში სრულიად განსხვავებული დატვირთვა შეიძინა. მაგალითად... არ დავკონკრეტდები, ვინმეს არ გამოვარჩევ, რადგან სხვებს ეწყინებათ.

თბილისელია, კარგ ოჯახში აღიზარდა, მიიღო კარგი განათლება, არ ეშლება სიტყვა-პასუხი, ხშირად იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა რამეთუ, ეგზომ, აფერუმ, მაშასადამე, მამული, მოქალაქე, პასუხისმგებლობა, ოღონდაც და სხვ. წაკითხული აქვს ბევრი წიგნი, შემოვლილი აქვს ნახევარი მსოფლიო, მაგრამ...

მაგრამ გოიმია!!!

მცირე ნაწყვეტს მოვიტან ოთარ ჩიჯავაძის რომანიდან "თვითმკვლელები": "პლაცზე, მწყობრში მდგარი ჯარისკაცების წინ, მედიდურად მიმოდიოდა სათუთად მოვლილი, ძვირფასი მაუდის ფორმაში გამოწყობილი ოფიცერი. კარგად არ მახსოვს, ფრანგულ თუ ინგლისურ ილუსტრირებულ ჟურნალებში მყავდა ნანახი ასე ჩაცმული მხედართმთავრები. ხელთათმანგადაჭიმულ ხელში მას სტეკი ეჭირა, რომელსაც დროდადრო დაირტყამდა ხოლმე აგურივით ყვითელ, გაკრიალებულ ჩექმის ყელზე. მე არასოდეს მომწონდა,როდესაც უნიჭო პიესებში ან ცუდ ფილმებში ოფიცრის როლის შემსრულებელი მსახიობი ხელში ათამაშებდა ხოლმე სტეკს... აქ კი ეს ნამდვილად შემზიზღდა. რამდენად სულელი უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო მთელი შეუსაბამობა შენსა და ჩამოკონკილ ჯარისკაცებს შორის".

ბაჩო ახალაიას კაბინეტ-აპარტამენტები ხომ არ გაგახსენდათ? არ გაგახსენდათ პრეზიდენტის სასახლე? ალბათ, გაგახსენდათ მისივე რეზიდენციები და მამული, სადაც "ვენახს უვლის", "ყურძენს წურავს" და "ღვინოს აყენებს".

კიდევ ერთხელ გაგახსენდებოდათ მერი დედაქალაქისა, რომელსაც ცოლი სამშობიაროდ სხვა ქვეყნის დედაქალაქში მიყავს და პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელიც სტიქიური უბედურების დროს საათის საყიდლად სხვა ქვეყანაში მიდის.

ახლა, თქვენ რაც გინდათ ის უწოდეთ, ჩემი აზრით კი ყველაზე შესაფერისი სიტყვა არის "გოიმი". ძალიან მრავლისმომცველია და დინამიკაში უნდა დავინახოთ.

მაგალითად, მერიის მთავარ შესასვლელთან უპოვარნი ბობოქრობენ, ითხოვენ ჭერს და დასაქმებას, მერი და მისი სტუმრები კი უკანა კარიდან იპარებიან და მიდიან სტრიპტიზ-კლუბში, სადაც ტიტველი ქალების ცქერით გაახარებენ ავ თვალს და დაიტკბობენ ჩიტის გულებს... დანახარჯს კი, რა თქმა უნდა, ისინი გადაიხდიან, არც ჭერი რომ არ აქვთ და არც შემოსავალი.

ეგ არის გოიმობა, სხვა კი არაფერი, თორემ საკმაოდ კარგად ვიცნობ ხათუნა ბერძენიშვილს. კარგ ოჯახში გაიზარდა, კარგი განათლება მიიღო, პროფესიონალია და ავად თუ კარგად, მაინც უძღვებოდა თავის საქმეს, მაგრამ როგორც კი გამგებლობა შეთავაზეს, ზუსტად მაშინ დაგოიმდა საქვეყნოდ და საშვილიშვილოდ. ვინც ეს თანამდებობა შეთავაზა, იმაზე უკვე საკმაოდ ვილაპარაკე და უჩემოდაც ყველამ თითქმის ყველაფერი იცის. იცის, რომ მემკვიდრის დაბადებას ვენაში აღნიშნავდა და თან ახლდა ნიკოლოზ რაჭველი (მემანიშვილი) - ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი.

სხვაც ბევრი ახლდა და "რამდენად სულელი უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო მთელი შეუსაბამობა შენსა და ჩამოკონკილ ჯარისკაცებს შორის"...

ნუ გვექნება იმის იმედი, რომ ამით დასრულდება ყველაფერი, კიდევ ბევრსა და დაბალანსებულს შევიტყობთ ამ ერთი მუჭა დაუბალანსებლების შესახებ და იქნებ საკუთარი თვალითაც ვიხილოთ, ევროპის ჩემპიონატზე როგორ ტენის კალათში ბურთს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მძიმე ფორვარდი ხათუნა ბერძენიშვილი. ვიხილავთ, ოღონდ - ტელევიზორში. საკუთარი თვალით კი ნახავს ნინა წკრიალაშვილი, აღფრთოვანდება, გაიხარებს და შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თამაში დამთავრდება და ემოციები ჩაცხრება, ნინა თბილისში დარეკავს და უხლოეს მეგობარს გაუზიარებს საკუთარ იმედგაცრუებას: "რონალდო არ ათამაშეს. არც ბექჰემი".

მზის და ვარდების მხარეო...

სრული ბედნიერებისთვის კობა ხაბაზის ვარსკვლავი გვაკლია ფილარმონიის წინ, ანაც იქ, სადაც ადრე ყაყაჩოები ხარობდნენ, ახლა კი ყეყეჩები არ წითლდებიან.