ირაკლი რუხაძე: მელიას ამბიცია ის კი არაა, რომ მერი იყოს, არამედ ის, თუ როგორ მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სათავეში

ირაკლი რუხაძე: მელიას ამბიცია ის კი არაა, რომ მერი იყოს, არამედ ის, თუ როგორ მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სათავეში

„თბილისში, არჩევნების მეორე ტურზე, ერთ მხარესაა კახი კალაძე, რომელიც, მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგი მერი იყო, უამრავი კარგი რამ გააკეთა და მეორე მხარესაა მელია. მელია რომ იყოს რომელიმე სხვა, ნორმალური პარტიის წარმომადგენელი, შეიძლება, მე კალაძე მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ იმის შიში არ მექნებოდა, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია“, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, თავად მოსახლეობა დაზარალდება, თუ დედაქალაქის მერი ნიკა მელია გახდება, ვინაიდან „ქართული ოცნების“ უმრავლესობით წარმოდგენილი საკრებულოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მერად ყოფნის პირობებში, საქმის გაკეთება შეუძლებელი გახდება.

„ჩვენ გვყავს ახლა საკრებულო, სადაც ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს უმრავლესობა. ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ გაიმარჯვებს მელია, გამოვა შემდეგი - გვეყოლება მერი, რომლის ამბიცია ის კი არაა, რომ მერი იყოს, არამედ ის, თუ როგორ მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სათავეში. ანუ, როგორ ანახოს, თუ რა ცუდადაა ყველაფერი. რომ აჩვენო, რა ცუდადაა ყველაფერი, ეს მართლაც ასე უნდა იყოს. ეს ორი ძალა, რომელთაგანაც ერთი საკრებულოს გააკონტროლებს და მეორე, ღმერთმა დაიფაროს, თუ მერი გახდა, ასფალტსაც ვერ დააგებენ თბილისში, რადგან მათი შეთავსება შეუძლებელია. მათ დნმ-ის დონეზე აქვთ შეუთავსებლობა. საზოგადოება ორ ნაწილად ვართ გახლეჩილი და ეს ორი ნაწილი ასე თავისით ვერ გაერთიანდება“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.