"მერიაში ჩემზე ამბობენ "მაღურალიო", მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ!"

"მერიაში ჩემზე ამბობენ "მაღურალიო", მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ!"
მივმართავ მთავრობას, ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით - დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, "მაღურალიო", მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ",- ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანზორ მელია განმარტავს, მმართველი გუნდის "ბოგინი უნდა დამთავრდეს".

"მადლობას ვწირავ ღმერთს იმისთვის, რომ ამ ასაკში მომცა ღმერთმა უფლება, რომ დამენახა ხალხის სიყვარული ჩემი და ჩემი შვილის მიმართ. მე ბედნიერი კაცი ვარ,
დავდივარ თითქმის ყველა სოფელში, ოჯახებში შევდივარ დღეში რამდენჯერმე და ენით ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულს, სითბოს და სიყვარულს, რასაც ეს ხალხი გვაძლევს.

თანაც გული მტკივა, რომ ეს სოფლები, ასეთი ლამაზი ბუნების სოფლები დაცარიელებულია, ახალგაზრდები არ არიან. გარდაქმნა აუცილებელია, ასე გაგრძელება არ შეიძლება! არ შეიძლება, რომ ჩვენ, მეგრელ ხალხს ბოღმის ენით, შურის, სიძულვილის ენით გვესაუბრებოდეს მთავრობა.

ეს არის ჩვენი დაცინვა, ეშლებათ, მეგრელებისთვის, პირველ რიგში, ოჯახია სიამაყე, ოჯახი სიყვარულია და როდესაც ოჯახს გაულანძღავ მეგრელს, სულ არ აქვს მნიშვნელობა ის ვისი ოჯახია. ისინი საპირისპიროდ მოქმედებენ. დიდი მადლობა ზუგდიდელებს, რომ პირველ ტურში გამამარჯვებინეს. გუშინ, ღამე ჩემი კონკურენტის ბილბორდები გაიკრა ზუგდიდში და "წარმატება ბოლომდეო" უნდა დაეწერა "წაგება ბოლომდე", რა წარმატება იყო?! წაგებულია, წაგებული! მივმართავ მთავრობას, ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით.

თქვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ბედნიერ საქართველოში. ჩვენ, ვინც აქ ვართ სამეგრელოს, ზუგდიდის მერობის კანდიდატები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქვეყანა გარდავქმნათ, თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს! გუშინ რაც იკადრეთ და დღეს, სუს-ი უარყოფს თითქოს ეს არ იყო, პროვოკაცია არისო. არა, ჩემო კარგებო, პროვოკაცია არა, ღარიბაშვილმა, რომელმაც 100 კაციც ვერ შეაგროვა, აქვე ახლოს, მწვანე შუქი აგინთოთ ძალადობისკენ, ყველაფრისკენ, რაც არ უნდა დაუჯდეთ, უნდათ მოიგონ, მაგრამ როგორ მოიგებენ? თუ საარჩევნო ოლქში ნაღმს ჩამოაგდებენ და აგვაფეთქვენ, თორემ ამათი საქმე წასულია ",-აღნიშნავს ანზორ მელია და დასძენს, რომ "მეგრელი კაცი ასე იოლად არ დატოვებს სამშობლოს სიყვარულს".

მან მმართველ გუნდს მიმართა, რომ ნორმალურად მოიქცნენ.

"ნორმალურად მოიქეცით, 30 ოქტომბერს მეორე ტური იქნება და ზუგდიდელები დაგანახებენ ძალას, ვის მისცემენ ხმას. გთხოვთ კაცურად, ოჯახისშვილურად მოიქეცით, ნუ ხართ დაბოღმილები, გამხეცებულები, რას კადრულობს პრემიერი, მრცხვენია, რომ ეს ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს, რას ბოდავს, რას აკეთებს ხალხო, მოგწონთ ეს ყველაფერი? ეს რა არის. დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, "მაღურალიო", მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ და კიდევ დიდი ხანი დიდ სიკეთეს გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის", - აღნიშნავს ანზორ მელია.