ერდოღანი დასავლური ქვეყნების ელჩებს: რა თქვენი საქმეა თურქეთისთვის გაკვეთილის სწავლება? ვინ ხართ საერთოდ?

ერდოღანი დასავლური ქვეყნების ელჩებს: რა თქვენი საქმეა თურქეთისთვის გაკვეთილის სწავლება? ვინ ხართ საერთოდ?

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ 6 ქვეყნის ელჩებს, რომლებმაც აქტივისტ ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.

„რატომ აკეთებენ ეს ელჩები ასეთ განცხადებებს? რა თქვენი საქმეა თურქეთისთვის გაკვეთილის სწავლება? ვინ ხართ საერთოდ? დაანებეთ ოსმან კავალას თავი. საკუთარ ქვეყნებში მკვლელებსა და ტერორისტებს ათავისუფლებთ? რა თქმა უნდა, არა - არც ამერიკა და არც გერმანია ამას არ აკეთებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ და ამის შესახებ უკვე ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მანამდე Anadolu საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დანიის, ფინეთის, შვედეთის, კანადის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ელჩები დაიბარეს.

18 ოქტომბერს ზემოხსენებული ქვეყნების საელჩოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბიზნესმენისა და მეცენატის ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. ოსმან კავალას ბრალად მთავრობის დამხობის მცდელობა ედებოდა, თუმცა 2020 წელს სასამართლომ ის ამ საქმეზე გაამართლა, თუმცა ამასთანავე სხვა საქმესთან დაკავშირებით მისი დაკავების ორდერი გასცა. ოსმან კავალას ბრალად ედება 2016 წელს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა.



 

Katana . „რატომ აკეთებენ ელჩები ასეთ განცხადებებს? რა თქვენი საქმეა თურქეთისთვის ჭკუის სწავლება? ვინ ხართ საერთოდ?... მკვლელებსა და ტერორისტებს ათავისუფლებთ საკუთარ ქვეყნებში? რა თქმა უნდა, არა - არც ამერიკა და არც გერმანია ამას არ აკეთებს."
!!!
სხვათა შორის, ქართველებსაც გვაქვს ანდაზა, რომელიც ასე იწყება: "არამკითხე მოამბეო..."
ასე რომ, ერდოღანის რეაქცია გაითვალისწინონ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა სამსახურებმაც!..
2 წლის უკან