ტაივანში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ჩინეთთან ომის ალბათობა ძალიან დაბალია

ტაივანში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ჩინეთთან ომის ალბათობა ძალიან დაბალია

ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს გენერალურმა დირექტორმა, ჩენ მინ-ტონგმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩინეთთან ომის ალბათობა ძალიან დაბალია.

„ვფიქრობ, რომ ზოგადად, ერთი წლის განმავლობაში, ომის ალბათობა ძალიან დაბალია. მაგრამ არის ბევრი რამ, რასაც მაინც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მომდევნო 1-3 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ცაის დროს, ვფიქრობ, რომ პრობლემა არ იქნება“, - აღნიშნა ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს გენერალურმა დირექტორმა.

11 ოქტომბერს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ტაივანის საქმეთა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მა სიაოგუანმა განაცხადა, რომ ტაივანის მმართველი პარტიის დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის წყაროა.

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ ტაივანი თავდაცვის გაძლიერებას განაგრძობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ აიძულოს მიიღოს გზა, რომელიც ჩინეთმა დაადგინა და რომელიც თავისუფლებასა და დემოკრატიას არ შეიცავს.

ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინს მოუწოდა, ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა შეწყვიტოს.

4 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მა უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს.