პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-დან 95%-მდე რომ ავიყვანოთ, ეს ხომ ყველაზე მარტივია, ამას არც ანტივაქსერობა სჭირდება და არც „ვაქსერობა“, ეს დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს დაზოგავს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ვითარება შედარებით უკეთესია.
„რატომ გვაქვს დღეს აჭარაში შედარებით მშვიდი სიტუაცია 5 000 ახალი შემთხვევის ფონზე? იმიტომ, რომ აჭარა, ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ, მეორეა და ბათუმმა უკვე მიაღწია 60%-იან ნიშნულს. თბილისი უახლოვდება ამას - თბილისში მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადი აცრის მაჩვენებელი 54%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონები 30%-ზე არიან, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა. მოგეხსენებათ, პატარა რეგიონია, 37%-ზეა ასული. 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების გადათვლით, თბილისი და აჭარა უკვე შედარებით უკეთეს სიტუაციაში არიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 619 258, გარდაიცვალა 9 588 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.