ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე არ გამოკვეთილა

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე არ გამოკვეთილა

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ჯერ არ გამოკვეთილა, რადგან ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მძიმე არ არის.

„ეს განპირობებულია იმით, რომ იმუნური ფენის რაღაც სეგმენტი გაჩნდა. მილიონი ადამიანი აცრილია და ჩვენი კვლევის ბოლო შედეგის მიხედვით, მოსახლეობის 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია. ამიტომ, ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 619 258, გარდაიცვალა 9 588 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.