საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მეუფე შიოს ქადაგება გააკრიტიკა.
„ჩვენ პერმანენტულ რეჟიმში ვუსმენთ თავდასხმას ეკლესიაზე, მეუფეებზე, მღვდელმთავრებზე, ეკლესიის წარმომადგენლებზე... მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთ ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას და შეტევას მთელი ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ. ესაა კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან ისინი სახელმწიფოს, ეკლესიას, მთავარ ფუნდამენტს.
ჩვენი მოსახლეობის წინაშე დღეს მარტივი არჩევანია, ერთ მხარესაა ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელმაც უკვე სამჯერ მიიღო ხალხის მანდატი, ხოლო მეორე მხარეს ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია- სააკაშვილ- მელიას კრიმინალური ბანდა, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
17 ოქტომბერს სამებაში, მეუფე შიომ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, როდესაც ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. მოგვიანებით კი, ამ ქადაგების კომენტირებისას მთავარი არხის ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გპირდებით, უმალ თქვენი მორალური სიკვდილი დადგება, ვიდრე თქვენ კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით“.