საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ 72 პოლიტიკოსის წერილს ძირითადად ხელს აწერენ ლიეტუვის სეიმის დეპუტატები, რომელთა მობილიზაცია მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა ჟიგიმანტას პავილიონისმა განახორციელა.
„ეჭვი მეპარება, რომ ამ წერილმა მიზანს მიაღწიოს, რადგან ის არც სამართლებრივად გამართული დოკუმენტია და არც პოლიტიკურად გააჩნია ის წონა, რომ საქართველო ევროკავშირისგან რაიმე სერიოზულ წნეხს მოელოდეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ხელმომწერებში ჭარბობენ ლიეტუვის სეიმის დეპუტატები, რომელთა ორგანიზებაც მოახერხა სააკაშვილის პირადმა მეგობარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა. ასევე, იქაა ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, რომელთაგანაც, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოსთან კავშირი არ არის. ყველაზე უფრო უცნაურია ხელმომწერთა შორის რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის აღმოჩენა. გაუგებარია, რატომ გააკეთეს მათ ეს. ერთი ახსნა შეიძლება იყოს, რომ მათ, ასე ვთქვათ, გააბევრეს ხელმომწერების რაოდენობა“, აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი.
72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს მიმართავენ. ხელმომწერებს შორის არიან ქართველი პოლიტიკოსებიც. წერილში საუბარია რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს, რადგან მის მიმართ არსებული ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.